81 წლის მოხუცი მძიმე დაზიანებებით მეხუთე დღეა საჩხერის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. ვენერა გაფრინდაშვილი შესაძლოა საკუთარი შვილის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყოს.
მოხუცი რომ ძალადობის მსხვერპლია, მეზობლებმა რამდენიმე წელია იციან. ვენერა გაფრინდაშვილს საკუთარი შვილი სახლში შესვლის უფლებას არ აძლევს და ის ეზოში, პატარა სასიმინდეში ცხოვრობს. ფიცრულს ფანჯარა არ აქვს და ორი კვადრატული მეტრია, სადაც საწოლი არ დგას, ზამთარში კი მიწაზე დაფენილ ლოგინთან ერთად მხოლოდ შეშის პატარა ღუმელი ეტევა.
მეზობლები კამერის წინ ღიად არ ლაპარაკობენ. პირად საუბრებში ამბობენ, რომ მოხუცის შვილის თავადაც ეშინიათ, თორემ კარგად იციან, როგორ სცემს მოხუცს, ართმევს პენსიას და არ უშვებს სახლში.
საჩხერის სოციალურ სამსახურში მოხუცის ტრაგიკულ ისტორიას კარგად იცნობენ, თუმცა ყვებიან, რომ საქმე მათ კომპეტენციას დიდი ხანია გასცდა და გაფრინდაშვილის ტყვეობის შესახებ პოლიციას აცნობეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამ შემთხვევაზე საქმე არ აღძრულა. რეგიონში ადასტურებენ, რომ გაფრინდაშვილების სახლთან პატრული ხშირად ჩნდება.
მეზობლების ბრალდებებს მოგონილს უწოდებს ვენერა გაფრინდაშვილის შვილი. ელგა გაფრინდაშვილი სატელეფონო საუბარში ამტკიცებს, რომ მშობელი სახლში ცხოვრებაზე უარს თავად ამბობს და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები კიბიდან დაგორების დროს მიიღო, რაც სავარაუდოდ მაღალმა არტერიულმა წნევამ გამოიწვია.
„კურიერის“ ინფორმაციით, ანონიმურმა წყარომ საჩხერის პოლიციაში ვენერა გაფრინდაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა მოხუცის შვილიც.