
This is a modal window.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს და აქციის მონაწილეების ნაწილს თელავის ცენტრისკენ გზის ფეხით გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცეს.
აქციის მონაწილეებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კოლონას გურჯაანში გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცეს და გზა ავტობუსებით ჩახერგეს.
მოსახლეობა ცდილობს, რომ გზა გახსნას და გზის სავალი ნაწილიდან პოლიციის მანქანები გადაიყვანონ.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ თელავის ცენტრამდე აქციის მონაწილეებთან ერთად ფეხით ჩავა.
„არჩევნები წაგვართვეს, ეკონომიკა წაგვართვეს, ინსტიტუტები წაგვართვეს, ახლა გადაადგილების თავისუფლება წაგვართვეს, შემდეგი იქნება საკონცენტრაციო ბანაკი. საქართველო არის ყურებამდე ფარცხალაძეში და ბესელიაში და ივანიშვილში ნიჩბის გარეშე, ყურებამდე ვართ ამ ყველაფერში,“ - ამბობს ვაშაძე.
საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს მიმართა, რომ თელავში გზა ან ფეხით გააგრძელონ ან ყვარლის მიმართულებით წავიდნენ. თუმცა, ახლა სამართალდამცავებმა ფეხით გადაადგილების შესაძლებლობაც შეუზღუდეს.
ოპოზიციის ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ფეხით გადაადგილებასაც უზღუდავენ და სხვადასხვა ბარიერს ახვედრებენ.
"ეს არ არის სახელმწიფო, ჯუნგლების წესებით თამაშობს ბიძინა ივანიშვილი," - ამბობს ნიკა მელია.
გურჯაანში სამართალდამცავებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ.
თელავის ცენტრში ინაუგურაციის პარალელურად მასშტაბური აქცია გაიმართება, სადაც არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებენ.