რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან. მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს არ მისცეს საშუალება, რომ აქცია გაემართათ თელავში, ისინი უკან ბრუნდებიან. მათ ჩამოსვლამდე კი თბილისში მყოფი აქტივისტები უკვე მივიდნენ რუსთაველის გამზირზე.
ადგილზე მისული ოპოზიციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს არის სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქცია იმისთვის, რომ რუსთაველის გამზირზე მისულებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ საკუთარი პროტესტი გაყალბებული არჩევნებისადმი.
„ჩვენმა მოქალაქეებმა ნახეს, რომ არჩევნები მოგვპარეს. გუშინ ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მემორიალთან მიიპარა. ნაცვლად იმისა, რომ ინაუგურაციის ფარგლებში მისულიყო იმიტომ, რომ იცოდა რომ იქ ოპოზიციის წარმომადგენლები არ მივცემდით მოღალატე სალომე ზურაბიშვილის მისვლის ნებას. დღეს ვნახეთ, რომ ფაქტობრივად თელავში შეიპარა ისე, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს არ მიეცათ საშუალებას არა თუ თელავში, არამედ გურჯაანშიც ვერ შევიდნენ. დღეს აქ სოციალური ქსელით დაანონსებული აქციაა. ადამიანებმა ვინც ვერ შეძლეს თელავში წასვლა, აქ ვაპროტესტებთ იმ უსამართლობას,რასაც რუსთავი 2-ში ვუყურეთ გუშინ,“- განაცხადა ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
აქციაზე მივიდა სალომე სამადაშვილიც. მისი თქმით, ძალადობა გრძელდება.
„ძალადობა გრძელდება და ეს ინაუგურაციის პროცესი ფაქტობრივად დაიწყო ძალადობით ისევ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. მინდა საქართველოს ხელისუფლებას შევახსენო, რომ ძალადობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალიან ცუდად მთავრდება და ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ბიძინა ივანიშვილისთვის,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.