მესამე სექტორი კახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას გამოაქვეყნებს. მანამდე კი პირველი შეფასება გააკეთა "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელმა.
გიორგი მშვენიერაძის თქმით, ადგილი ჰქონდა სამართალდამცავების მხრიდან შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების განხორციელებაში ხელშეშლასთან. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სად ჩაატარებენ აქციას და როდის, რისი განხორციელების საშუალებაც მათ არ მიეცათ.
„რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, ეს იყო რეალურად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები და ბარიერები, რომელიც ართულებდა შეკრება მანიფესტაციების მონაწილეთა მოხვედრას იმ ადგილზე, სადაც მათ წინასწარ ჰქონდათ დაანონსებული შეკრება-მანიფესტაციის გამართვა და მშვიდობიანი ფორმით საკუთარი აზრის გამოხატვა. მათ ამ უფლების განხორციელებაში ხელი შეეშალათ,“- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
მისივე თქმით, დღეს ცალსახა იყო, რომ პოლიციას არ სურდა, რომ ხელი შეეწყოთ მოქალაქეებისთვის, რომ შეკრება-მანიფესტაციის უფლებით ესარგებლად. არამედ პირიქით, ისინი ხელს უშლიდნენ აქციის მონაწილეებს.
გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ სურდათ დახმარებოდნენ აქციის მონაწილეებს ტრანსპორტირებაში, სარწმუნო იქნებოდა მაშინ თუ ინფორმაცია ამის შესახებ წინა დღეს გამოქვეყნდებოდა.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი შს მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა ის პირი, ვინც აქციის მსვლელობისას ჩაიდინა სამართალდარღვევა, იქნება დასჯილი. გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ კარგი იქნება თუ ეს შეეხება კონკრეტულ ინციდენტებში მონაწილე სამართალდამცავებსაც, რომლებმაც შეზღუდეს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება.