ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი, ფარნა ლეშკაშელი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოპოზიციის წევრებს ყვარლის გავლით თელავში მოხვედრა შეეძლოთ, ტყუილს უწოდებს. ამის შესახებ მან „კურიერს“ ფოტომასალაც მიაწოდა.
ფოტოების მიხედვით, თელავის სამხედრო აეროდრომი გადაკეტილია და იქ ავტომობილებით ხელოვნური ბარიკადებია შექმნილი. ეს სწორედ ის ადგილია, რომლის გავლითაც რამდენიმე წუთში თელავში მოხვედრაა შესაძლებელი.
დღეს მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები და საპატრულო პოლიციის წევრები ირწმუნებოდნენ, რომ აქციის მონაწილეებს ყვარლის გავლით, თავისუფლად შეეძლოთ, თელავში მოხვედრილიყვნენ და იქ საკუთარი პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხატათ.
საპატრულო პოლიციის წევრები ამბობდნენ, რომ ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებიც იყვნენ ინფორმირებულები, რასაც თავად ოპოზიციის წევრები უარყოფენ.