სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები არ დასწრებიან. ისინი თელავში არ შეუშვეს. ქალაქში შემოვლითი გზებით ჩასვლა გრიგოლ ვაშაძემ შეძლო, თუმცა ის ცერემონიაზე მიწვეული არ იყო და, შესაბამისად, არც ბატონის სასახლეში შეუშვეს.
თელავში შესასვლელად კი გრიგოლ ვაშაძეს პოლიციის მიერ გზაზე მოწყობილი ბარიკადებისთვის გვერდის ავლა, შემოვლითი გზებით სარგებლობა და რამდენიმე მანქანის გამოცვლა მოუწია.
თელავის ცენტრში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე დილიდან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები. გრიგოლ ვაშაძემ მობილური ტელეფონით მოუსმინა იმ პრეზიდენტის ფიცს, რომლის ლეგიტიმურობასაც გაერთიანებული ოპოზიცია ტოტალური გაყალბების გამო, არ აღიარებს.
ოპოზიციის მეგაფონები თელავში დღეს, თითქმის, უფუნქციოდ იყო. პოლიციელების ალყის გარღვევა და ქალაქში კონსპირაციული გზებით შეღწევა ოპოზიციის მხარდამჭერებიდან ბევრმა ვერ შეძლო.
თელავის ცენტრში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, მათ შორის 5 საათისკენაც, როდესაც ინაუგურაციის შემდეგ გამართული უჩვეულოდ ხანმოკლე წვეულების შემდეგ საპატიო სტუმრებმა ქალაქის დატოვება დაიწყეს. მოქალაქეები სახელისუფლებო ავტომობილებს თბილისისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ.