პირველი პრეზიდენტის შვილები, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები უკვე მეოთხე დღეა შიმშილობენ. ისინი პროკურატურისგან პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიების ვადის გაგრძელებას ითხოვენ.
მათი თქმით, შიმშილობის დაწყების დღიდან არავინ შეხვედრია.
ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე 2 კვირაში ხანდაზმული ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის გამოძიება ავტომატურად შეწყდება.
„მე მათთან საჭიკჭიკოდ და საჭუკჭუკოდ არ მოვსულვარ. მე საერთოდ ნუ შემხვდებიან. არც მაგათი სიფათების ნახვა მინდა და არც ამ შენობის დათვალიერება. მე მინდა შედეგი. დოკუმენტური შედეგი, აგრძელებენ ამ საქმეს, ხურავენ, პასუხისგებაში აძლევენ მკვლელს თუ არა. მე მათთან შეხვედრა, მათი სახეების ნახვა სულ არ მინდა და მაგისთვის აქ არ მოვსულვარ.
ეს ერთი და მეორე. არაფრის იმედი არ გვაქვს, სიმართლეს გეტყვი, ჩემო კარგო, ასეთ ნაბიჯზე რომ მიდიხარ, იმედები გარეთ უნდა დატოვო,“- აცხადებს ცოტნე გამსახურდია
დღეს ოჯახის ადვოკატი საქმის გამომძიებლებს სამუშაო შეხვედრაზე შეხვდება. ადვოკატი ამირან გიგუაშვილის ამბობს, რომ ეს საქმის გამომძიებლებთან და პროკურორთან მხოლოდ მორიგი სამუშაო შეხვედრაა.
„დღეს ვხვდები უშუალოდ საქმის გამომძიებელს და პროკურორს, როგორც ადვოკატი . ეს იქნება ჩემი მორიგი სამუშაო შეხვედრა, ჩვენ ასეთი შეხვედრები პროკურატურასთან ხშირი გვაქვს. მოგეხსენებათ, და ჩვენი პროტესტიც სწორედ ამას უკავშირდება, რომ ეს არ არის ერთი გამომძიებლის, ან ერთი კონკრეტული ერთი პროკურორის პასუხისმგებლობის და კომპეტენციის საკითხი, ეს არის პოლიტიკური საკითხი,“- ამბობს ადვოკატი.