17 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
არაკომპეტენტური და მოუმზადებელი - ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას იუსტიციის საბჭოს სხდომაზე კამათი მოჰყვა 

იუსტიცის საბჭოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კამათი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილი ინიციატივას მოჰყვა, რომელიც რეგლამენტის ცვლილებებს ითვალისწინებს და მისი მთავარი მიზანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალეობაა

ახალი კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს წევრები ამიერიდან არა პრეზიდენტმა, არამედ იუსტიცის საბჭომ უნდა შეარჩიოს. ორგანომ რომელსაც ყველაზე ასახელებდნენ სასამართლო ხელისუფლების პრობლემებისა და კლანური მმართველობის სათავედ.

ნაზი ჯანეზაშვილი ინიციატივით კონკურსის გამოცხადებამდე სამი დღით ადრე უნდა შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი და მის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ, როგორც სახალხო დამცველის ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორები და მკვლევარები. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილი აცხადებს, რომ ნაზი ჯანეზაშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არის მოუმზადებელი და უხარისხო.

„როგორც ვატყობ დავდივართ პიროვნებამდე. საბჭოს გარეთ ვაპირებთ კიდევ საბჭოს შექმნას, რომელმაც უნდა მიგვითითოს ვინ წარვადგინოთ და რატომ. თუმცა სარეკომენდაციო ხასიათის არის, ეს წერია მაგრამ პირადად ჩემთვის აბსოლუტურად უხარისხო დოკუმენტია,“-განაცხადა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ირაკლი შენგელიამ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თქმით, ინიციატივის მთავარი მიზანი არის ის, რომ ნაზი ჯანეზაშვილმა თავი მოიწონოს მედიასთან.

„ეს რომ ნახევარ ფაბრიკატია ალბათ ყველას გვესმის. სად არის განმარტებითი ბარათი ამ გადაწყვეტილების. მაშინ მითხარით რა არის ეს თუ არა ორმაგი სტანდარტი. კარგი პოპულისტური თემაა? ეს რომ ვთქვათ  მედიაში, იცით რა მე შევთავაზე რაღაცა და მხარი არ დამიჭირეს. აი ეს არის მიზანი. ზუსტად ეს არის მიზანი მეტი არაფერი ჩემი აზრით,“-განაცხადა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ირაკლი ბონდარენკომ კი ნაზი ჯანეზაშვილს არაკომპეტენტური უწოდა. მისი განცხადებით, ჯერ კონსტიტუციაც არ იყო ამოქმედებული, როდესაც საბჭოს არამოსამართლე წევრები საუბრობდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და მოსამართლეების შერჩევა არ იქნებოდა გამჭირვალე.

„საუბრობდნენ იმაზე რომ ეს ადამიანები გამორიცხულია რომ რაღაც გამჭირვალობას დაიცავენ. სტანდარტებს დააკმაყოფილებენ ღიაობისას. ასეთი განცხადებები კეთდებოდა. ანუ თავიდანვე დაჩრდილეს ეს პროცესი. პირველი არაკომპეტენტურობის ნიშნები მე აქ დავინახე,“-გაცხადა ირაკლი ბონდარენკომ.

 

ავტორი: ნინო გზადელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები