17 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
მრცხვენია, რომ თქვენ ხართ მოსამართლე - ხმაური იუსტიციის საბჭოს სხდომაზე

მრცხვენია, რომ თქვენ ხართ მოსამართლე - ასე მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ირაკლი ბონდარენკომ, რომელმაც მას არაკომპეტენტური უწოდა.

კამათი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილის მიერ წამოყენებულ ინიციატივას მოჰყვა, რომლის მიზანია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გამჭირვალობა.

როგორც ცნობილია, ახალი კონსტიტუციის თანახმად უზენაესი სასამართლოს წევრები ამიერიდან არა პრეზიდენტმა, არამედ იუსტიცის საბჭომ უნდა შეარჩიოს.

ნაზი ჯანეზაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი კონკურსის გამოცხადებამდე სამი დღით ადრე და მის შემადგენლობაში უნდა შევიდეს, როგორც სახალხო დამცველის, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორები და მკვლევარები. ჯანეზაშვილის თქმით, ინიციატივის მიზანი მოსამართლეთა შერჩევის წესის გამჭვირვალობაა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილს განუცხადეს, რომ ის მოუმზადებელი ინიციატივით გამოვიდა და მისი მიზანი მედიასთან თავის მოწონება იყო.

ნაზი ჯანეზაშვილმა კი კოლეგებს მის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი ეპითეტებისთვის უსაყვედურა.

„ბატონ ირაკლი ბონდარენკოს მინდა ვუთხრა, რომ მრცხვენია, რომ თქვენ ხართ მოსამართლე ამ ქვეყანში, რომელიც აი, ასე გამოდიხართ და შეურაცხყოფას აყენებთ კოლეგებს. მე მრცხვენია ამის და თქვენს ადგილზე ნამდვილად ასე არ მოვიქცეოდი. როდესაც ამბობთ, რომ ჩვენ გარეშე გადაწყვეტთ, ვიცით, რომ ჩვენ გარეშე წყვეტთ. ეს ჩვენთვის ცნობილია. ეს ახალი ნამდვილად არ არის და, როგორც ჩანს, ამას აპირებთ ისედაც,“- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.  

ნაზი ჯანეზაშვილის პოზიციის დაცვა სცადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ. მისი თქმით. საბჭო მიზანმიმართულად ქმნის ფორსმაჟორულ სიტუაციებს, რათა შემდეგ განხილვების დრო აღარ იყოს.

„დაახლოებით, ერთი წელია, რაც კონსტიტუციური ცვლილებები შესულია ძალაში და ჩვენ ვიცით, რომ იუსტიციის საბჭომ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ანუ დაიწყოს პროცესი. დღეს ადამიანი წარმოადგენს გარკვეულ ინიციატივას და მას ეუბნებით, რომ ის მზად არ არის და ა.შ. და ანუ რა მოხდება ცოტა ხანი, ჩვენ უნდა ვეცადოთ, სანამ ისევ თქვენ თვითონვე შექმნით ფორსმაჟორულ სიტუაციას და გვეტყვით, რომ სასწრაფოდ უნდა დავამტკიცოთ იმიტომ, რომ ინგრევა დედამიწა და პრობლემები შეგვექმნა. იგივე სიტუაცია გაქვთ შექმნილი უზენაეს სასამართლოში, სადაც უკვე ფორსმაჟორულ სიტუაციაში დავდექით მოსამართლეების არქონის გამო,“- განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები