ხმაური სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე - მერიის წარმომადგენლებმა გარე მოვაჭრეები დახლებიდან ააყენეს. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე დადგომის უფლება სწორედ მერიიდან მისცეს, თუმცა არჩევნების დასრულებისთანავე მათ გარევაჭრობა აუკრძალეს.
„არჩევნების წინ იყვნენ მოსული და მოგვცეს უფლება გვევაჭრა ამ ტერიტორიაზე. თან გვითხრეს, წადით არჩევნებზეო. ახლა მორჩა ყველაფერი და დღეს მოვიდნენ, აგვყარეს. უფლებას არ გვაძლევენ, პურის ფული ვიშოვოთ. გამოგვიყონ სადმე ადგილი და დავდგებით. ჩვენც არ გვსიამოვნებს აქ დგომა,“- აცხადებს ერთ-ერთი გარე მოვაჭრე.
დედაქალაქის მერი კი გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს სთავაზობს. კახა კალაძის თქმით, მოეწყობა შესაბამისი ადგილები, სადაც ამ პირებს საშუალება ექნებათ კვირაში ორჯერ ივაჭრონ ისე, რომ ადგილში ფული არ გადაიხადონ.
„კანონი უნდა დავიცვათ ყველამ, მე, რა თქმა უნდა, მესმის გაჭირვებული ადამიანების. მათი მძიმე სოციალური მდგომარეობის. გარდა ამისა, მე ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე დავავალე გამგებლებს, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქალაქში კვირაში ორჯერ გამოიყოს კონკრეტული ადგილები, რომელიც იქნება კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, სადაც ზუსტად ამ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროდუქტები გაყიდონ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ისინი უფასოდ ისარგებლებენ ამ ადგილებით და ფართებით,“- განაცხადა კახა კალაძემ.