22 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზიური კადრები - მამაკაცმა, სავარაუდოდ, მომწამვლელი გაზი ოპოზიციის აქტივისტებს სახეში შეასხა

"კურიერის" ექსკლუზიური კადრები, რომელშიც სავარაუდო დამნაშავე ჩანს - ოპოზიციის ლიდერებზე მომწამლავი აირით თავდასხმის კადრები "რუსთავი 2-ის" აეროგადაღების კამერამ ველისციხეში გადაიღო. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ოპოზიციის კოლონასთან, რომელსაც პოლიციამ თელავისაკენ გზა გადაუკეტა, წითელ ქურთუკიანი მამაკაცი გამოჩნდა. ის იმ ავტომობილს უახლოვდება, რომელიც პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობს.

ვიდეოს მიხედვით, აქტივისტების დიდი რაოდენობა თავდაპირველად, სავარაუდოდ, შეგზავნილ პროვოკატორს ხელს უშილის, თუმცა რამდენიმე წამში ის ისევ უახლოვდება ოპოზიციის ესკორტის მანქანას, რომელსაც აქვს სტიკერები "არა სალომეს". კადრებში ჩანს, რომ ის ჩაწეული მინით სარგებლობს და მომწამლავ ნივთიერებას წინა სავარძელში მსხდომ პირებს სახეში ასხამს.

თავდასხმის მომენტში ოთხივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინც ამ დროს მანქანაში იჯდა, დამძიმდა. მათ სამედიცინო დახმარებაც დასჭირდათ, მაგრამ იმის გამო, რომ გზა პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა, სასწრაფოს დახმარების მანქანებმა ადგილზე მისვლა ვერ შეძლეს.

აეროგადაღების კამერის მასალებში ჩანს, რომ მამაკაცი წითელი ქურთუკით ოპოზიციის მანქანის სალონში მომწამლავ ნივთიერებას პოლიციელების თვალწინ ასხამს, თუმცა სამართალდამცველები არ რეაგირებენ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ აგენტი-პროვოკატორი სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა.  ვიდეომტკიცებულების გარდა, თავდამსხმელს დაზარალებულები და სხვა თვითმხილველებიც აღწერენ.

ოპოზიციის ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე პროვოკაციების მოსაწყობად ხელისუფლებამ რამდენიმე აგენტი-პროვოკატორი შეაგზავნა, მათი ერთადერთ დავალება დესტაბილიზაცია და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინება იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედია საშუალებებში გავრცელებული  ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. კადრებში ასახულია 16 დეკემბერს კახეთში უცნობი პირი დაუდგენელ ნივთიერებას როგორ ასხურებს საპროტესტო კოლონის ერთ-ერთ მანქანაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ის ცნობით, ჩატარდება ვიდეომასალაში დაფიქსირებული  პირის დადგენისთვის საჭირო საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნებიან დაზარალებულები და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი.

 

 

დღის ამბები