17 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
სასტიკად ნაცემი სამხედრო - სამხედრო პოლიციამ გამოძიება სამხედრო მოსამსახურის მიმართ ძალადობის მუხლით დაიწყო

შეიარაღებული ძალების კონტრაქტორი დავით ბერიშვილი ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს თავდასხმასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა, რომელიც მომზადებას ალგეთში გადიოდა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

მას ქალა ტვინის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა დაუდგინდა. რეგიონული ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსის, ოთარ დიხამინჯიას ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმის თქმით, სამხედროს შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდა.

დავით ბერიშვილის ბრალდებებს უარყოფს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი. სამხედრო პოლიციამ კი გამოძიება სამხედრო მოსამსახურის მიმართ ძალადობის მუხლით დაიწყო.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ირაკლი ბაზერაშვილი ამბობს, რომ სამხედროს სავარაუდო ცემის საქმეზე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მხარის  ბრალეულობა დადგინდება, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„დავით ბერიშივლის მიერ გაჟღერებული ფაქტების და გარემოებების დეტალურად გარკვევის მიზნით, საქმეზე მიმდინარეობს და ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების პროცესში დადასტურდა ან დადგინდა ბრალეულობა რომელიმე მხარის,  მათ შორის საწყისი საბრძოლო მომზადების  ცენტრის მეთაურის ბრალეულობა, ჩვენს მიერ გატარდება ადეკვატური და დროული შესაბამისი რეაგირება,“ - განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯარისკაცი, რომელიც წვრთნებს ალგეთში გადიოდა, მრავლობითი დაზიანებებით "რუსთავი2" -ში გუშინ მოვიდა, სწორედ ტელეკომპანიის შენობაში აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმებმა მას პირველი დახმარება.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები