თბილისის საბავშვო ბაღებიდან გათავისუფლებული 11 დირექტორი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას კვლავაც სასამართლო ძალით ცდილობს.
11-ივე შემთხვევაში მათი გათავისუფლება შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოხდა, თუმცა ბაღების ყოფილი დირექტორები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით გაუშვეს სამსახურიდან. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ბაღების სააგენტოს ერთ-ერთ ყოფილ ხელმძღვანელ პირს კითხავენ.
ადვოკატი ბექა კვინიკაძის თქმით, მინიმალური ობიექტურობის დაცვის შემთხვევაში, გათავისუფლებული პირები აღდგენილები იქნებიან საკუთარ პოზიციებზე.
„მოწმეები მოკლედ გამოიკითხებიან მოსარჩელეს გათავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით. სასამართლოს მხრიდან მინიმალური ობიექტურობის დაცვის პირობებში ამ საქმეზე იქნება მხოლოდ ერთადერთი გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის, რომ ეს ადამიანები აუცილებლად აღდგებიან სამსახურში და დაუბრუნდებიან თავიანთ პოზიციას“ - აცხადებს კვინიკაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სკოლამდელები - ჩვენი მომავლის“ დამფუძნებლის ინგა გუგავას განცხადებით, აღნიშნული სასამართლო პროცესი სამი წლის განმავლობაში იწელებოდა და მხოლოდ ახლა განახლდა.
თბილისის N 36 საბავშვო ბაგა-ბაღის ყოფილი დიერქტორის ელზა უდესიანი ადასტურებს, რომ დირექტორების გათავისუფლების არანაირი საფუძველი არ არსებობდა და ამის მიზეზი მხოლოდ მათი პოლიტიკური დაუმორჩილებლობა გახდა.
„არანაირი დარღვევა საბავშვო ბაღებს, აი, იმ დირექტორებს, რომლებიც ამ დასკვნის საფუძველზე ვართ გათავისუფლებულები, არ გვაქვს. ამ პრინციპით, ამ მეთოდებით მუშაობდა ბაგა-ბაღების სააგენტო და თბილისში მოქმედი ყველა საბავშვო ბაგა-ბაღი. უბრალოდ მოხდა ჩვენს მიმართ აი, ამის გამოყენება. მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი იმ საბავშვო ბაღების დირექტორების, რომლებიც პოლიტიკურად ვერ გვმართა დღევანდელმა ხელისუფლებამ და რომლებიც ე. წ. დაუმორჩილებელი დირექტორები აღმოვჩნდით,“ - აცხადებს უდესიანი.