გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ საპროტესტო აქციას გურჯაანში გამართავს. ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვეტილება რამდენიმესაათიანი კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებს გურჯაანში ელოდებიან. ისინი სასამართლოსთან შეიკრიბებიან და ადგილზე მოითხოვენ დავით კირკიტაძის გათავისუფლებას.
„ხვალ მართვის ცენტრი გადაგვაქვს გურჯაანში, სადაც სასამართლოში გაიმართება დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი. ყველანი ვიქნებით იქ. ყველა ჩვენს მხარდამჭერს შეუძლია, შემოგვიერთდეს გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც ჩვენს პოზიციებს გამოვხატავთ და იმის გამო, რომ არ ვიცით კონკრეტულად, პროცესი როდის იქნება, ხვალ დილიდან შევიკრიბებით გურჯაანის სასამართლოსთან. ვითხოვთ ძალიან მარტივ რაღაცას - დავით კირკიტაძე უნდა გათავისუფლდეს იმიტომ, რომ ის არის აბსოლუტურად უკანონო პატიმარი და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც კანონს არღვევდა ველისციხეში და ამის უფრო და უფრო მეტი დამადასტურებელი ფაქტი არის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ საზოგადოებასთან ერთად, ოპოზიციამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში.
ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, არც ერთ ხელისუფლებას კარგად არ დაუმთავრდა ხალხის ინტერესების უგულველყოფა.
„ერთი რამ უნდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი გახარიამ, რომ არასოდეს ამ ქვეყანაში, რამდენჯერაც არ უნდა ეცადა ხელისუფლებას, გაეკეთებინა იგნორირება ხალხისთვის, ეცადა, დაეშინებინა ხალხი, ეს ხალხი არასდროს არ დაშინებულა. ის ყოველთვის დასრულებულა იმით, რომ იმარჯვებდა ქართველი ხალხი. ამჯერადაც ასე მოხდება. თუ ხელისუფლება გონს ვერ მოეგება, იცოდეს ხელისუფლებამ, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დრო უბრალოდ მცირდება,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მთავარი დამნაშავე არის შს მინისტრი, გიორგი გახარია და სწორედ მან უნდა აგოს პასუხი.
„გახარიამ ჩაიდინა დანაშაული. ბრძოლა გრძელდება უკომპრომისო ყველა კვადრატულ მეტრზე, ყველა ფორმატში, იქნება ეს საკრებულო, პარლამენტი, ქუჩა. გახარიამ რამდენიმე ათეულ დამნაშავე მაღალჩინოსანს ჩააცვა პოლიციის ფორმა და მათ ეძახის პოლიციელებს. გახარია არის დამნაშავე ძალიან ბევრ სისხლის სამართლის საქმეში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.