დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ სანიტარულ ჭრებს აღმაშენებლის გამზირზე რამდენიმე ათეული ხე უკვე შეეწირა. გვიან ღამით რამდენიმე ხე 24-ე სკოლის მიმდებარედ "ეკო-სერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა მოჭრეს. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი. მისი განმარტებით, ეს ხეები სრულიად ჯანსაღია და მოჭრის აუცილებლობა არ იყო. ის მერიას თანხების ფლანგვაში ადანაშაულებს.
„მერიას აქვს ტრადიცია, რაღაცას დააანონსებენ, ვითომ კარგ საქმეს დაიწყებენ და მერე აღმოჩნდება რომ ყველაფერი უკუღმაა. ვაგებთ სადაც დასაგები არაა გზებს, ვჭრით ხეებს, სადაც მოსაჭრელი არაა და მილიონები იხარჯება. საქმე კეთდება იმის კისერზე, რომ ეს ხეები აღარ იქნება,“-ამბობს ვაჩეიშვილი.
განსხვავებულად ფიქრობენ მერიაში და ხეების ჭრასთან დაკავშირებით წერილობით განმარტებას აკეთებენ. დაგეგმილი სანიტარული ჭრის შედეგად დედაქალაქში სულ 20 ათასი ხე უნდა მოიჭრას.