საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი განმარტებებს აკეთებს.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, კანონის დამტკიცების შემდეგ, მნიშვნელოვანია შემდგომი ტექნიკური სამუშაოები, რომელიც საფრანგეთსა და საქართველოს შორის უნდა გაიმართოს. მისი განცხადებით, დოკუმენტზე ხელმოწერა არ ნიშნავს, რომ დღეიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება საფრანგეთში დასაქმება.
„ხელშეკრულება რატიფიცირებული იქნა საფრანგეთის პარლამენტის მიერ და სულ ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ არის ხელმოწერილი. ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ 150 ახალგაზრდას მიეცემა საშუალება სწავლის დასრულების შემდეგ, საფრანგეთში და საქართველოში გარკვეული კვალიფიკაცია აიმაღლოს.
"ამ პერიოდში მათ ბინადრობის უფლებაც ექნებათ. ამის გარდა იქნება კიდევ 500 კვოტა განსაზღვრული ორივე ქვეყანაზე, რომელიც უკვე ზრდასრულ ადამიანებს შეეხებათ. მათაც ექნებათ მუშაობის შესაძლებლობა. ამ ხელშეკრულების გაფორმება არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქემ ქუდი დაიხუროს და სამუშაოს საძიებლად საფრანგეთში ხვალ გაემგზავროს. მნიშვნელოვანია ის შემდგომი ტექნიკური სამუშაოები, რომელიც ორ ქვეყანას შორის უნდა გაიმართოს,”- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.