საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები, რომლებიც უკვე მე-6 დღეა, პროკურატურის მისაღებში შიმშილობენ, ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავენ. კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები მოითხოვენ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ყველა იმ პირის ქმედებას შეისწავლის, ვინც პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიება არასწორად წაიყვანა.
ზვიად გამსახურდიას შვილები, პირველი პრეზიდენტის მკვლელის დადგენას და მის დასჯას ითხოვენ.
„პირველი მოთხოვნა ეს არის საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომლებიც გამოიძიებენ არა ზვიად გამსახურდიას საქმეს, არამედ იმ პირების ბრალეულობას და პასუხისმგებლობას, რომლებმაც გააფუჭეს და შეიძლება ითქვას, ჩაშლის პირას მიიყვანეს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა გამოძიება“- აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია.
გამსახურდიები თანადგომისკენ მოუწოდებენ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს და აცახდებენ, რომ ზვიად გამსახურდიას საქმე ხანდაზმულობის გამო არ უნდა შეწყდეს.
„ ყველა სახელმწიფო უწყება, ძალოვანი სტრუქტურები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პროკურატურა დარჩენილ ათ დღეში უნდა გაერთიანდნენ, ჩაატარონ მაქსიმალურად ეფექტური საგამოძიებო მოქმედებები. აუცილებელია, შევიდეს საკანონმდებლო ცვლილება და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმეებზე და პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ მკვლელობებზე აუცილებელია, რომ ხანდაზმულობა იყოს უვადო“- ამბობს ადვოკატი.
პირველი პრეზიდენტის ოჯახს, სოლიდარობა დღეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა გამოუცხადა.
„მიმაჩნია, რომ სანამ არ იქნება გახსნილი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის, გარდაცვალების, სიკვდილის გარემოებები, მანამ ქართული სახელმწიფოს სხეულზე იქნება წარუშლელი ლაქა,“- აცხადებს ნათელაშვილი.