საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული ორი პირის ზურა რაზმაძის და ირაკლი რამიშვილის საქმის განხილვა იწყება. ორივე მათგანს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, წვრილმან ხულიგნობას ედავება, რაც ჯარიმას ან 15-დღიან პატიმრობას გულისხმობს.
ორივე მათგანი გუშინ, გვიან ღამით, ჭავჭავაძის 16 ნომერში დააკავეს, სადაც შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცავებმა სისხლიან გარჩევაში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ის გიორგი მარგველაშვილის სიძის მეგობარი დავით კაჭარავაა, რომელსაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ის ამ დროისთვის გადაყვანილია ქავთარაძეზე მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში. მისი მკურნალობის დასრულების შემდეგ, კი მას გადაიყვანენ წინასწარი დაკავების იზოლატორში.
არსებული ინფორმაციით დაპირისპირება თავდაპირველად დაიწყო ერთ-ერთ რესტორანში და ის უკავშირდება თბილისში, რამდენიმე კვირის წინ მომხდარ შელაპარაკებას, როდესაც რესტორან "სტრადაში " პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს.
ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ გუშინ გვიან ღამით ისმოდა ინტენსიური სროლის ხმა.
„სროლისას ალბათ მთელი მჭიდი დაიცალა. ჩვენს კედელს ეხლებოდა ტყვიები. მერე ქვეყანა პოლიცია მოვიდა. ერთი ვიღაც ამ ავტოფარეხების უკან დააკავეს. ახალგაზრდა კაცი დავინახე,“-ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრებლები იხსენებენ, რომ პოლიცია ერთ პირს მისდევდა, რომელიც დაჭრილი იყო ფეხში.
„90-იანი წლების მერე ასეთი რაღაც არ ყოფილა. გავიხედეთ მე და ჩემმა მეუღლემ. დავინახეთ რომ ერთი ბიჭი, რომელსაც ეძებდნენ და ძალიან ბევრი პოლიციელი იყო აქეთ შემოვარდა და იქით მხარეს წავიდა და პოლიციელებიც დაედევნენ. დაჭრილი იყო ფეხში,"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.