17 ნოემბერი 2024,   06:59
ვრცლად
სექსუალური შევიწროება და მასზე რეაგირება - გენდერული თანასწორობის საბჭომ ინიციატივა წარადგინა

საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე რეაგირებას პოლიცია მოახდენს, სამუშაო გარემოში მომხდარ ფაქტებს კი სახალხო დამცველის ოფისი შეისწავლის - ასეთია ინიციატივის პრინციპები, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭომ წარადგინა.

ინიციატივა სექსუალური შევიწროების რეგულირების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება. ინიციატივა კანონპროექტად დარეგისტრირდება და პარლამენტი მის განხილვას დაიწყებს.

„სახალხო დამცველი უნდა იყოს ის მექანიზმი, რომელიც რეაგირებს კერძო, ან საჯარო დასაქმების ადგილას შევიწროების შემთხვევაზე, ხოლო თუ ღია სივრცეში ხდება, ანუ საჯარო ადგილას ხდება ასეთი ტიპის ქმედება, მაშინ ერთვება პოლიცია და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი დგება ასეთ შემთხვევაში“- აცხადებს ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ლონდა თოლორაიას თქმით, ინიციატივა მათთვის გამოწვევაა, ვინაიდან ამ მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერება იქნება საჭირო.

„ეს არის ჩვენთვის გამოწვევა, ვინაიდან ამ მიმართულებით ჩვენ დაგვჭირდება შესაძლებლობების გაძლიერება, გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, გამომძიებელთა დატრენინგება ამ მიმართულებით, თავისთავად ცხადია, იქნება ასევე გამოწვევები მტკიცებულებათა შეგროვების კუთხით, თუმცა შსს მიესალმება ამ კანონპროექტს“- ამბობს თოლორაია

ინიციატივის მნიშვნელობაზე საუბრობს სახალხო დამცველის მოადგილე სახალხო ეკა მსხილაძე. 

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ  კანონში არსებული დეფინიციის შესაბამისად შესაძლებელი იქნება სხვა ურთიერთობების დაფარვაც, როგორიც არის სტაჟირება, რაც დღეს საქართველოში არის არ ჯდება, მომსახურების სფერო, უნივერსიტეტში ლექტორსა და სტუდენტს შორის არსებული ურთიერთობა,  თუ სხვა დანარჩენი შემთხვევები,“ - აღნიშნავს მსხილაძე.

კანონად მიღების შემთხვევაში პროექტს ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი, კვლავ ამახვილებენ ყურადღებას პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნაზე, რომელსაც სექსუალური შევიწროების წამახალისებელი განცხადებების გაკეთების გამო აკრიტიკებენ. 

„თუ პრეზიდენტი იზიარებს და იმედი მაქვს, რომ იზიარებს, რომ სექსუალური შევიწროება აკრძალული უნდა იყოს, მაშინ რატომ ნიშნავს ისეთ ადამიანებს თანამდებობაზე, რომლებიც ფიქრობენ, რო სექსუალური შევიწროება ნორმაა და ყველას გაგვიკეთებია და ამის გამო ადამიანები პასუხისგებაში არ უნდა მიეცემოდნენ არცერთი ფორმით“- აცხადებს „ქალთა მოძრაობის“ დამფუძნებელი ბაია პატარაია.

დღის ამბები