ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე ირაკლი რამიშვილს საქალაქო სასამართლომ ორ დღიანი პატიმრობა, ზურა რაზმაძეს კი ოთხ დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ორივე მათგანს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, წვრილმან ხულიგნობას ედავება.
როგორც სასამართლო პროცესზე პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადა, ირაკლი რამიშვილი არ დაემორჩილა სამართალდამცავების მოთხოვნას და მათ ჩხრეკაზე უარი განუცხადა.
„შეტყობინება შემოვიდა ჩხუბთან დაკავშირებით. პოლიციის თანამშრომლები გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც შეამჩნიეს ირაკლი რამიშვილი, რომელიც მორბოდა. იგი შეაჩერეს. ამ დროს წინააღმდეგობა გაუწია. იყო აგრესიული. პირად დათვალიერებაზე უარი განუცხადა. შემდგომ მისი დაკავება მოხდა,“-განაცხადა პოლიციის თანამშრომელმა.
თავად ირაკლი რამიშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მისი თქმით თავდაპირველად ის ვერც კი მიხვდა ვინ იყვნენ ის პირები რომლებიც მის გაჩხრეკას აპირებდნენ რადგან ისინი სამოქალაქო ფორმაში იმყოფებოდნენ.
ირაკლი რამიშვილის მსგავსად, ზურა რაზმაძეც უარყოფს, რომ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. მისი თქმით სამართალდამცავებს არანაირი დამადასტურებელი მოწმობა არ წარუდგენიათ.
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის სიძის მეგობარს დავით კაჭარავას, მისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ჭავჭავაძის 16 ნომერში სროლა გუშინ გვიან ღამით ისმოდა. დაპირისპირება თავდაპირველად ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო და ჭავჭავაძის გამზირზე გაგრძელდა.
არსებული ინფორმაციით ჭავჭავაძის გამზირზე გარჩევა, თბილისში რამდენიმე კვირის წინ მომხდარ შელაპარაკებას უკავშირდება, როდესაც რესტორან სტრადაში პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს.