17 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
არჩევნების ტოტალური გაყალბება და სკანდალური კადრები - "კურიერმა" კონკრეტული პირების იდენტიფიცირება შეძლო

მოქალაქე, რომელიც საარჩევნო ურნაში ბიულეტენებს ყრის, დმანისის #44-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი მარიამ ნიგურიანია. სკანდალური კადრების მიხედვით, "კურიერმა" იმ პირების იდენტიფიცირება შეძლო, რომლებიც სავარაუდო კანონდარღვევაში მონაწილეობდნენ.

კადრების გასაჯაროების შემდეგ მარიამ ნიგურიანი იმალება და სახლიდან თითქმის არ გამოდის. მისი ოჯახის წევრები კი პირდაპირ ადასტურებენ, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ იბრძვიან. არადა კანონის თანახმად კომისიის წევრი პოლიტიკურად ნეიტრალური პირი უნდა იყოს.

ექსკლუზიურ კადრებში, რომელიც "შაბათის კურიერში" გავრცელდა, კარგად ჩანს, თუ რა სქემით მოქმედებდა ნიგურიანი 44-ე საარჩევნო უბანზე. კომისიის წევრი სხვების ნაცვლად ბიულეტენებს ხაზავდა და ხმას საარჩევნო უბანზე არ მისული ამომრჩევლის სახელით აძლევდა.

მძიმე დანაშაულის შესაძლო მონაწილის ქმარი კი ამბობს, რომ ყველაფერი მონტაჟია და მისი ცოლი, მარიამ ნიგურიანი უდანაშაულოა.

"კურიერმა" დმანისში არჩევნების გაყალბებაში მონაწილე კიდევ ერთი პირის იდენტიფიცირება შეძლო. ეს ქალბატონი ცისანა ადუაშვილია, სწორედ ის ყრის კომისიის წევრის მიერ სხვისი სახელით შემოხაზულ ბიულეტენებს ურნაში. თავიდან ცდილობდა კონვერტები წინსაფრის ქვეშ დამალოს შემდეგ კი უკვე თამამ მოქმედებაზე გადავიდა.

მოქმედება, რომელსაც დმანისის #44 უბანში ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულია.
სისხლის სამართლის კოდექსის 164 მუხლში მითითებულია, რომ საარჩევნო კომისიაში დანიშნული მეთვალყურის მიერ არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად დადგენა ისჯება ორ წლამდე პატიმრობით. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დმანისის საარჩევნო კომისიის წევრებს სწორედ პატიმრობა ემუქრებათ. 

შაბათის კურიერში სკანდალური კადრები 11 დღის წინ გავიდა, თუმცა საგამოძიებო ორგანოს მასზე რეაგირება არ მოუხდენია. დღეს კი მას შემდეგ რაც კურიერი ცესკოს დაუკავშირდა, საარჩევნო კომისიამ განცხადებით მიმართა პროკურატურას და გამოძიების დაწყება ითხოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები