ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ. დღეს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დააანონსა, რომ ხორავას საქმის ახალი გამოძიების ფარგლებში მალე შესაძლოა, ახალი დამნაშავეები გამოიკვეთოს.
კალანდიებმა ტელევიზიით გაიგეს, რომ შესაძლოა 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე, ბრალი მათი ოჯახის წევს მიხეილ კალანდიას წაუყენონ.
ოჯახის წევრები „კურიერთან“ ამბობენ, რომ უკვე დიდი ხანია, მათთან პოლიციას კომუნიკაცია საერთოდ არ ჰქონია. „კურიერთან“ საუბარი არ ისურვა თავად მიხეილ კალანდიამ.
კრიმინალური პოლიციის უფროსთან სამსაათიანი პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, სამინისტრო კალანდიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს.
შვილმოკლული მამა აპირებს, რომ პროკურატურის მაღალჩინოსნებსაც შეხვდეს და გამოძიების მიმდინარეობაზე თადუმაძის უწყებასაც მოუსმინოს. შესაბამისი წერილი შეხვედრის ჩანიშვნაზე პროკურატურაშიც უკვე გაგზავნილია.
„კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებების ახალი სერია ხორავას ქუჩის საქმეზე ახალ წლამდე დაიწყება. ზაზა სარალიძის მსგავსად, ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე ახალგაზრდის ინტერესების დამცველებიც ფიქრობენ, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით წავიდა და პროკურატურამ განზრახ არ დასაჯა ისინი, ვინც მე-12 კლასელები სასიკვდილოდ გაიმეტა.
„კურიერის“ ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეში დევს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის ჩვენებაც, რომელიც სუბელიანმა გამოძიებას ციხეში მისცა.
ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტული თარიღი, როდის გაკეთდება ოფიციალური განცხადება საქმის ახალი გარემოებებისა და შესაძლო დამნაშავეების შესახებ.