სროლა თბილისის ცენტრში - გვიან ღამით ჭავჭავაძის 16 ნომერში 10-მდე გასროლის ხმა გაისმა. ქალაქის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირების დროს არავინ დაშავებულა, თუმცა 10-მდე გასროლის შედეგად კორპუსის ფასადი და ავტომობილები დაზიანდა. სამართალდამცველებმა ადგილზე სამი პირი დააკავეს.
შეიარაღებულ დაპირისპირებას, ”კურიერის” ინფორმაციით, წინ ერთ-ერთ რესტორანში გარჩევა უძღოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ერთმანეთს ყოფილი პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის ახლო გარემოცვის წევრები დავით კაჭარავა და ზურა რაზმაძე დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდებს შორის ჩხუბი სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის წინ, რესტორან „მეიდანში“ მომხდარ სროლას უკავშირდებოდა, რა დროსაც დავით კაჭარავა მძიმედ დაიჭრა. „კურიერის“ ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რაზმაძის მიმართულებით გუშინ კაჭარავამ ისროლა.
შეირაღებული დაპირისპირების დროს ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. „კურიერის“ ინფორმაციით, დავით კაჭარავამ ცეცხლსასროლი იარაღი კორპუსის ეზოში გადააგდო და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, თუმცა ის პოლიციამ ადგილზე დააკავა. სროლის დროს შემთხვევის ადგილის დატოვება მოახერხეს ზურა რაზმაძემ და მისმა თანხმლებმა ირაკლი რამიშვილმა, თუმცა პოლიციამ ისინი მალევე დააკავა.
ზურა რაზმაძეს და ირაკლი რამიშვილს გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავება. ორივე მათგანს დღეს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
დავით კაჭარავას კი გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. დაკავებული, ამ დროისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში იმყოფება. კლინიკის დატოვების შემდეგ მას სავარაუდოდ, ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.