ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება დავით კირკიტაძისთვის იყო ადეკვატური გადაწყვეტილება-ასეთია ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასება სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე მმართველ გუნდის დეპუტატები ფიქრობენ, რომ პატრულზე ძალადობა ინაუგურაციის დღეს უნდა იყოს მკაცრად დასჯადი. არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური დევნის საკითხი არ დგას.
„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პოლიციელების შეურაცხყოფა სხვადასხვა ფორმით გახდეს ყოველდღიურობა და ამის ტენდენცია გამოიკვეთა ერთგვარად ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამას სჭირდებოდა რა თქმა უნდა პასუხი და ეს პასუხი იქნა გაცემული კანონის ფარგლებში. ასე უნდა მოქმედებდეს რა თქმა უნდა ხელისუფლება. დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა. შეთავაზებული იყო ოპოზიციისთვის ალტერნატიული გზა რომელსაც სჭირდებოდა 20 წუთით მეტი, თუმცა აშკარად ოპოზიციას იმ დღეს ჰქონდა თვითმიზანი მოეწყო პროვოკაცია. ეს მათ შეძლეს. მათ შეძლეს პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ამას ბუნებრივია სჭირდება პასუხი ხელისუფლების მხრიდან,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ინაუგურაციის დღეს ოპოზიცია იყო ამოვარდნილი ფორმატიდან. მათ იცოდნენ რომ იყო სხვა გზა თელავში ჩასასვლელად რომელიც მათ არ გამოიყენეს.
„თავიდანვე იყო მითითებული, რომ იყო გზა დაშვებული ყვარლის გავლით რომელიც სრულ 20 წუთით დააგვიანებდა მომიტინგეებს ამ ყველაფერის ფონზე რა თქმა უნდა არ იყო გზა გადაკეტილი და რა ტქმა უნდა ოპოზიციის მოთხოვნაც და საქციელიც იყო დესტრუქციული,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ფინანსთა მინისტრის შეფასებით სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს ბრალდებულის ოპოზიციონერობას.
„არანაირი კავშირი არ აქვს ამას ოპოზიციასთან. ეს არის კანონდარღვევა რომელიც თვალსაჩინო გახდა და მიუხედავად იმისა, ვინ დაარღვევს კანონს ყველამ უნდა აგოს პასუხი,“-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.