გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, გურჯაანის სასამართლოს ეზოში შეკრებილი ხალხის პირისპირ, კორდონის პირველ ხაზში, ქალი სამართალდამცველები ჩააყენეს. აქციის მონაწილეებმა კი ქალ პოლიციელებს წითელი მიხაკები მიუტანეს. მიხაკები პოლიციამ არ აიღო, ამიტომ წებოვანი ლენტით ყვავილები სასამართლოს რკინის ღობეზე დაამაგრეს.
სასამართლოს ეზოში დღეს პოლიციელების უპრეცედენტო რაოდენობა იყო მობილიზებული, რასაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს ეზოში ხალხმა შეკრება დილიდან დაიწყო. ვინც თადარიგი დაიჭირა, შენობასთან მარტივად მივიდა, დანარჩენებმა გრძელი გზა ფეხით გაიარეს. სასამართლომდე მისასვლელები პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა.
გიორგი გახარიას ტაქტიკურ სვლას, დაცვის წინა ხაზზე ქალი პოლიციელები გამოეყვანა, ქალთა მოძრაობამ იაფფასიან სექსისტურ ტექნიკად შეაფასა. აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა ოპოზიციამაც.
პოლიციის უპრეცედენტო მობილიზაციამ თავიდანვე გააჩინა განცდა, რომ მოსამართლე დავით კირკიტაძეს პატიმრობას შეუფარდებდა. დავით კირკიტაძისთვის ორ თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეზოში მყოფი ხალხი საპროტესტო შეძახილებით შეხვდა. გაერთიანებული ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქვეყნაში კირკიტაძის სახით კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი გაჩნდა.
დავით კირკიტაძის გათავისუფლებისთვის გაერთიანებული ოპოზიცია ყველა ხერხს მიმართავს, მათ შორის სამართლებრივი დავას და ქუჩის აქციებს.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონული სასამართლოდან საბადრაგო სამსახურმა გლდანის ციხეში გადაიყვანა.