17 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - 14 წლის მათე ჯანჯღავას ოჯახი, მოზარდის გარდაცვალების საქმის გამოძიებას ითხოვს

14 წლის მათე ჯანჯღავას ოჯახის წევრები მოზარდის გარდაცვალების საქმის გამოძიებას მოითხოვენ. ოფიციალური ვერსიით, ბიჭმა ბაბუის ორლულიანი თოფით შუა სოფელში თავი მოიკლა.

გამოძიების ვერსიას ოჯახი თავიდან დაეთანხმა, თუმცა ახლა აცხადებენ, რომ ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა და მოზარდი მოკლეს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გარდაცვლილის მამიდას თვითმკვლელობის ვერსიაში ეჭვი შეეპარა, გულში გამავალი ჭრილობაა, რომელიც მოზარდს ზემოდან ქვემოთ აქვს მიყენებული. მოზარდის მამიდა აცხადებს, რომ ბავშვი სანადირო თოფიდან მსგავსი მიმართულებით სხვისი დახმარების გარეშე ვერ გაისვრიდა.

ჯანჯღავების თანასოფლელების ნაწილი გარდაცვლილის ოჯახის ვერსიას, რომ შესაძლოა, მოზარდს თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს, არ იზიარებს. გარდაცვლილის ნათესავები კი დარწმუნებულები არიან, რომ სოფელი სიმართლეს მალავს და მკვლელი ნაგურუში ცხოვრობს.

მათე ჯანჯღავას მამიდის ინფორმაციით, ინციდენტის დღეს თანასოფლელ მოზარდებს შორის სკოლის ტერიტორიაზე ჩხუბი მოხდა, რაც ტრაგედიით დასრულდა. თუმცა სკოლის დირექტორი „კურიერს“ ამ ფაქტს არ უდასტურებს. გარდაცვლილთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ ოჯახური პრობლემების გამო, მოზარდი გაკვეთილებს ხშირად აცდენდა.

გარდაცვლილი ისე დაკრძალეს, რომ ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია. ეს ბავშვის მამის სურვილი იყო, რომელმაც პოლიციელებს ცხედარი არ გაატანა.

14 წლის მათე ჯანჯღავას ოჯახი დაზარალებულის სტატუსს და საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს. მზად არიან ამისთვის გადაწყვეტილებაც შეცვალონ და ცხედრის ექსჰუმაციას დათანხმდნენ.

გამოძიებისგან მოითხოვენ საქმის მასალების გადაცემასაც, რადგან ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა იარაღს და გარდაცვლილის ტანსაცმელს. თუმცა მომხდარიდან 5 თვის შემდეგაც ოჯახმა არ იცის, აღმოჩნდა თუ არა ამოღებულ ნივთებზე სხვა პირის კვალი.

 

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები