ქუთაისის სოციალური სახლის მცხოვრებლების ნაწილს შუქი დავალიანების გამო გაუთიშეს. სოციალურად დაუცველებს არც გაზი აქვთ, რადგან შენობა ავარიულია და მილებში აირის გაშვების შემთხვევაში, აფეთქების შესაძლებლობა დიდია. რთულ მდგომარეობაშია შენობაც. კედლები დაბზარულია, დაზიანებულია სახურავიც, წვიმის დროს ოთახებში წყალი ჩადის.
ადგილობრივები ყვებიან, რომ მძიმე მდგომარების გამო, დავალიანების პატიებას დაპირდნენ, თუმცა დენი მაინც გაეთიშათ, ამიტომ ამბის გასარკვევად ისინი ქუთაისის მერიაში მივიდნენ. სოციალურად დაუცველების თქმით, ხელისუფლებისგან გამათბობლების დამონტაჟებასა და ავარიული კორპუსიდან გადაყვანასაც ელოდებოდნენ, თუმცა დაპირებები ამ დრომდე არ შესრულებულა.
შენობას, რომელშიც ადგილობრივებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება, რეაბილიტაცია შარშან ჩაუტარდა, რაზეც მერიამ 4 მილიონი ლარი გამოყო. ერთ-ერთ ბინაში ჭერის ჩამონგრევის შემდეგ ჩატარებული სამუშაოები მერიამ ექსპერტიზის ბიუროს შეამოწმებინა. ამის შემდეგ კი დარჩენილი ნახევარი მილიონი კომპანიას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო აღარ გადაუხადა.
საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე ლაპარაკობს ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია და მერიასა და "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებს. ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, დარჩენილი ნახევარი მილიონის გადახდას არჩევნებამდე არ აპირებდნენ, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიაში ”სანის” აქტიური მონაწილეობისთვის უკვე ჩასვეს ბიუჯეტის პროექტში მისთვის მისაცემი თანხა.
ბიუჯეტში კომპანია ”სანისთვის” დავალიანების დაფარვა რომ გათვალისწინებულია, არ უარყოფს ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, თუმცა დავით ნიშნიაძე ამტკიცებს, რომ მის გადახდას მაინც არ აპირებენ. პირიქით უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მისგან მილიონ ლარზე მეტის უკან დაბრუნებას ითხოვენ. ამისთვის კი უკვე მიმართეს სასამართლოს.
მოუწევს თუ არა მერიას კომპანიისთვის დარჩენილი ნახევარი მილიონის გადახდა, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი