17 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
"ქალთა მოძრაობა" პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის წინააღმდეგ - არასამთავრობოები აქციისთვის ემზადებიან

"ქალთა მოძრაობა" დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ - სამოქალაქო სექტორი ხვალინდელი აქციისთვის ემზადება. უფლებადამცველები კიდევ ერთხელ მიმართავენ სალომე ზურაბიშვილს, შეცვალოს გადაწყვეტილება და მოხსნას საპარლამენტო მდივანი.

დიმიტრი გაბუნიას "ქალთა მოძრაობა" მისი გამონათქვამების გამო უპირისპირდება. მათი განცხადებით, გაბუნიამ სექსუალური შევიწროება ნორმად ჩათვალა.

„სექსუალურ შევიწროებაზე უკვე გადის წითელი ხაზები, რომელსაც არავინ არ უნდა გადააბიჯოს და ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტს, რომ გადმოვიდეს ქალების მხარეს, რომ მისთვისაც წითელი ხაზი გახდეს სექსუალური შევიწროების ნორმალიზება, რასაც დიმიტრი გაბუნია აკეთებდა და ჩვენ გვინდა, რომ ქალი პრეზიდენტი ნამდვილად იყოს ქალების მხარეს ყველა იმ პოლიტიკურად და მოქალაქეობრივად მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც პირდაპირ ეხება ქალთა უფლებებს,”- ამბობს ”ქალთა მოძრაობის” დამფუძნებელი ბაია პატარია.

მათ აზრით ადამიანი, რომელიც სექსუალურ შევიწროებას ამართლებს და აქეზებს, არ შეიძლება იკავებდეს ასეთ მნიშვნელოვან პოზიციას.

„არათუ საქართველოს პრეზიდენტისთვის და პირველი ქალი პრეზიდენტისთვის, როგორც თავად პოზიციონირებს თავის თავს, არა მარტო საჯარო მოხელეებისთვის, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და სწორედ ამიტომ ჩვენთვის არის ძალიან პრობლემური დიმიტრი გაბუნიას განცხადება, რომელმაც სცადა ეთქვა, რომ სექსუალური შევიწროება, ეს არის ნორმა, რომელიც პრაქტიკაში აქვს ყველა მამაკაცს,”-ამბობს მასკომუნიკაციის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია.  

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ადვოკატი დიმიტრი გაბუნია 18 დეკემბერს დანიშნა. მის დანიშვნამდე 10 დღით ადრე, ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართეს და მოუწოდეს, უარი ეთქვა გადაწყვეტილებაზე. ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა სალომე ზურაბიშვილს შეახსენეს დიმიტრი გაბუნიას რამდენიმე თვის წინანდელი განცხადება, სადაც მან, როგორც სექსუალური შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანის ადვოკატმა განაცხადა, რომ რასაც დევდარიან ედავებიან, ყველა ადამიანი აკეთებს. 

ავტორი:ნინო გაზდელიანი

დღის ამბები