დაიწყება თუ არა პანკისის ხეობაში ახალი ჰესის მშენებლობა, ერთ კვირაში გახდება ცნობილი. სოფელ ბირკიანში ადგილობრივები შეიკრიბნენ და უხუცესთა საბჭოს წევრებისგან ის პირობები მოისმინეს, რომელსაც კომპანია „ალაზანი ენერჯი“ ხეობის მცხოვრებლებს მშენებლობის თანხმობის შემთხვევაში სთავაზობს.
მაღალი ელექტროგადამცემი ხაზების სოფლიდან მოშორებით გადატანა, სპორტული კომპლექსის მოწყობა, სასმელი წყლით მომარაგების უზრუნველყოფა და გზა - ეს ის შეთავაზებებია, რომელსაც კომპანია ჰესის მიმდებარე სოფლებს სთავაზობს.
პირობები კვლავ მიუღებელი რჩება ერთი ნაწილისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია ხეობაში ყველანაირი გარიგების გარეშე არსებული პრობლემები მოაგვაროს.
მათივე თქმით, მოსახლეობის დასათანხმებლად ხელისუფლება სხვადასხვა სახით ჩარევას ცდილობს.
სოფელ ბირკიანში ჰესის მშენებლობას კომპანია "ალაზანი ენერჯი" გეგმავს. პროცესი ხეობის მცხოვრებელთა წინააღმდეგობის გამო რამდენჯერმე გადაიდო.