17 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
შავი ლაქები მანდარინზე - აჭარლები ტონობით მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ

აჭარლები მანდარინის რეალიზებას ვერ ახერხებენ. ქობულეთელებს ტონობით მანდარინის ხილის გადამამუშავებელი ქარხნებისთვის მინიმალურ ფასად ჩაბარება უწევთ. მოსავლის ნახევარზე მეტი გაშავდა, ამიტომ მისი შეძენის სურვილი არავის აქვს.

ხალხი ამბობს, რომ  ფაროსანის შეწამვლის დროს შხამ-ქიმიკატმა მანდარინის ხეებიც დააზიანა და ნაყოფს შავი ლაქები გაუჩნდა. გაშავებული ქერქი წყლით ადვილად ირეცხება, თუმცა ადგილობრივების თქმით, ტონობით მანდარინის გარეცხვა შეუძლებელია.

მოსავალი მათ გადამამუშავებელ საწარმოებში მიაქვთ, სადაც კილოგრამის ჩაბარება 10 თეთრად უწევთ, თუმცა უმეტესობა ვერც ამ ფასად ჩაბარებას ახერხებს, რადგან ქობულეთის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ორი გადამამუშავებელი საწარმოა, რომელთაგან ერთში უკვე 15 დღეა, დანადგარია გაფუჭებული.

ხალხი ციტრუსის მოსაყვანად დახარჯული თანხის ამოღებასაც კი ვერ ახერხებს. ადგილობრივების პრეტენზიებს არ იზიარებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი. ტიტე აროშიძე ირწმუნება, რომ წინა წელთან შედარებით 3500 ტონით მეტი მანდარინია რეალიზებული და 6 ათას ტონამდე გადამუშავებული.

მინისტრის თქმით, ფაროსანის საწინააღმდეგო შეწამვლა, მანდარინის ნაყოფს არ ვნებს. ტონობით ციტრუსი კი არა შეწამვლის, არამედ სხვა მავნებლისგან გაშავდა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლასაც სამინისტრო მომავალ წელს დაიწყებს.

მოწმდება თუ არა მაღაზიაში შემოტანილი შხამ-ქიმიკატები, ამის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ქობულეთის „ფერმერთა სახლი“ დაკეტილი დახვდა.

შეძლებენ თუ არა აჭარლები ტონობით ციტრუსის გაყიდვას ან ჩაბარებას, ჯერ არ იციან. მათი თქმით, წელს მოსავალი უკვე მეორედ გაუფუჭდათ, რადგან მათ ვერც ფაროსანისგან გაფუჭებული თხილის აღება შეძლეს.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე. 

დღის ამბები