„ჩატარდეს ობიექტური გამოძიება“, „ხელები შორს სკოლისგან“ - ამ შინაარსის პლაკატებით სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქცია იმართება. საპროტესტო აქციას ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი მართავს და საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.
ბაჩანა შენგელიას მტკიცებით, ია კერზაია პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, რის გამოც, ის დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
ბაჩანა შენგელია გუშინ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ია კერზაიას შვილი შს მინისტრის პარლამენტში გამოსვლას უკავშირებს. შენგელიას თქმით, ის საგამოძიებო უწყებაში იმისთვის დაიბარეს, რომ გიორგი გახარიას დეპუტატების კითხვაზე სათანადო პასუხი რომ გაეცა.
შენგელია ია კერზაიას საქმეზე განათლების მინისტრის, მისი მოადგილეების, გენერალური ინსპექციის უფროსის და იმ ორი თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, ვინც ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში შემოწმებაზე შევიდა და მისი შეფასებით, არასათანადო დასკვნა დაწერა.
შენგელია ამბობს, რომ დედამისის საქმე ცხადყოფს, რომ მასწავლებლებზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება და სწორედ გამოძიებამ უნდა აჩვენოს გაგრძელდება თუ არა პედაგოგებზე ზეწოლა და არაადამიანური მოპყრობა.