17 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
"ვერაფერზე ვერ გაგცემთ პასუხს" - ხორავას ქუჩის საქმეზე გამოკითხული არასრულწლოვნები დეტალებზე არ საუბრობენ

ხორავას ქუჩის საქმეზე თვითმხილველი არასრულწლოვანების გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, დაახლეობით, ორი საათია მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყების მიერ 10-მდე მოზარდი იკითხება.

სამართალდამცველებმა, სკოლის ის მოსწავლეები გამოკითხეს, ვინც მკვლელობის უშუალო თვითმხილველია. მათ შორის არ ყოფილა საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, მიხეილ კალანდია, რომლის დაკავებას გარდაცვლილი დათუნა სარალიძის მამა, უკვე ერთი წელია მოითხოვს.

მედიასთან კომენტარს არც მოზარდები და მათი ოჯახის წევრები აკეთებენ, რადგან მათ გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი.

"ვერაფერზე ვერ გაგცემთ პასუხს," - აღნიშნა დაკითხვიდან გამოსულმა ერთ-ერთმა თვითმხილველმა მოწმემ.

გაუთქმელობაზე ხელის მოწერის გამო, საქმის დეტალებზე, არც ადვოკატები საუბრობენ.

„ინფორმაციის გაცემისგან ვარ შეზღუდული, იმიტომ, რომ მე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ორივე გაფრთხილებულები ვართ გაუთქმელობაზე,“ - ამბობს ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატი.

რამდენიმე არასრულწლოვნის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ეს გამოკითხვები უკავშირდება შს მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტს პარლამენტში და ხორავას ქუჩის საქმეზე კამათს დეპუტატებთან.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ინციდენტში იყო გამშველებელი, მაგრამ შემდგომში გამოძიებას მისცა ამომწურავი ჩვენება, მაგრამ ახლა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რაიმე ახალი კითხვა იყოს გამოძიების მხრიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში ამ ინციდენტთან დაკავშირებით ან არ გამოვრიცხავ, რომ სულ სხვა სახის კითხვა იყოს," - ამბობს ადვოკატი, თამარ აბესაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე  გრძელდება გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვის პროცესი. 

დღის ამბები