ახორციელებდა თუ არა განათლების სამინისტრო პოლიტიკურ რეპრესიებს ზუგდიდის აწ გარდაცვლილი სკოლის დირექტორის წინააღმდეგ - ია კერზიას საქმეზე უწყების ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებს პარლამენტში 24 დეკემბერს მოუსმენენ. სამსახურის ახსნა-განმარტებებით განათლების კომიტეტია დაინტერესებული.
25 დეკემბერს კი კერზაიას წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის შვილი პროკურატურის წარმომადგენლებს მიაწვდის.
„დამიკავშირდა გამომძიებელი საქართველოს მთავარი პროკურატურიდან და სამშაბათს, 5-ის ნახევარზე მივდივარ პროკურატურაში გამოკითხვაზე. არ არის ჯერ გამოძიება დაწყებული, თუმცა ამ გამოკითხვაზე ვაპირებ მივაწოდო სრული ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის შესახებ, შევუქმნათ მათ სრული სურათი და შესაბამისად, მივცეთ ყველანაირი საფუძველი, რომ ეხლა მაინც დაიწყოს უშუალოდ გამოძიება ამ სისხლის სამართლის დანაშაულის გამო,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ზეწოლაზე „რუსთავი2“-თან საუბრობდა. რის შემდეგაც სკოლაში ინსპექტორების ჯგუფი შეუშვეს და სკოლის დირექტორის მოხსნის რეკომენდაცია გამოსცეს. კერზაიამ ზეწოლას ვერ გაუძლო და ინსულტით გარდაიცვალა.