იქ, სადაც გადაწყვეტილებები სამოქალაქო სექტორმა უნდა მიიღოს, რეალურად გაურკვეველი წარმომავლობის ორგანიზაციები ამბობენ თავის სიტყვას.
ამის საუკეთესო მაგალითი პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა იყო, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურები უნდა წარმოედგინა.
შეხვედრას ისეთი ორგანიზაციები დაესწრნენ, რომელთა სახელები საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.
გაჩნდა ეჭვი, რომ ეს არასამთავრობოები ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული ან, პირდაპირ, ხელისუფლების მიერ არიან შექმნილნი. ამ ეჭვს ამძაფრებს ისიც, რომ რამდენიმე მათგანი არჩევნების დღეს პირდაპირ იყო ჩართული სალომე ზურაბიშვილისთვის ამომრჩევლის მობილიზებაში.
მათშორის არის "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია,” რომლის თავმჯდომარეც სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის შესარჩევი კომისიის წევრებს შორის დაასახელა. არადა სწორედ ამ ორგანიზაციის ბეიჯი ეკეთა დამკვირვებელს არჩევნების დროს ახალციხის რაიონის სოფელ პამაჯში, როდესაც ის ამომრჩევლის მობილიზებას პირადად ეწეოდა.
"ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას" საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე 2000 დამკვირვებელი ჰყავდა მობილიზებული, ხოლო მას შემდეგ, რაც მეორე ტური დაინიშნა, დამკვირვებელთა რიცხვი კიდევ გაიზარდა და 2926 შეადგინა. მათ ანაზღაურების გარეშე იმუშავეს. თავად ორგანიზაციას კი 6 წლის განმავლობაში ერთადერთხელ აქვს მოგებული გრანტი 11 ათასი ლარის ოდენობით.