ირანული მედია სულ უფრო ხშირად საუბრობს ფაქტებზე, რომელიც საქართველოდან გაძევებულ ან უკან გაბრუნებულ ირანის მოქალაქეებს შეეხება.
ოფიციალური მონაცემებით 2018 წლის პირველი იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში სხვადასხვა მიზეზით საქართველოში შემოსვლაზე უარი ირანის 2000 მოქალაქეს უთხრეს, უკვე ნოემბერში კი ეს ციფრი მკვეთრად გაიზარდა და ბოლო ერთ თვეში საზღვრიდან უკან გაბრუნებულების რიცხვმა 500-ს გადააჭარბა.
ბოლო კვირებში საქართველოდან ირანის რამდენიმე ასეული მოქალაქის უცერემონიო გამობრუნება ოფიციალურ თეირანის შეშფოთებამ გამოიწვია. ირანის საელჩოს ინფორმაციით, ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება დეტალების გასარკვევად ყველა დიპლომატიურ გზას გამოიყენებს.
ერთი კვირით ადრე ქართული მხარისგან ახსნა-განმარტებები ასევე ოფიციალურ დონეზე ირანის საგარეო უწყების პრეს-სპიკერმაც მოითხოვა.
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ რომ ირანის მოქალაქეებთან დაკავშირებით არაფერი უჩვეულო არ ხდება. უწყების ინფორმაციით საზღვარზე არშემოშვება სტანდარტული პროცედურაა, როცა ვიზიტორი მოზგაურობის მიზანს ვერ ასაბუთებს.
ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.