ამერიკული ლაბორატორია ბოსტონში - "პოსტსკრიპტუმი" ლაბორატორიის დასათვალიერებლად ადგილზე ჩავიდა. შენობაში მომაკვდინებელი ვირუსები ინახება, ამიტომ ის განსაკუთრებით დაცულია. შიგნითაც ყველას ყველგან შესვლის უფლება არ აქვს. ყველა კარის გასაღები დირექტორს, რონ კორლის აქვს.
მეოთხე დონის ლაბორატორიაში მეცნიერების მთავარი მიზანია, გაიგონ, როგორ მოქმედებენ ჯერ დაუმარცხებელი ვირუსები და მათი საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნან. ამისთვის მათ სჭირდებათ, რომ შესასწავლად ვირუსების საკმარისი რაოდენობა ჰქონდეთ, ამიტომ მათ ინკუბატორებში ამრავლებენ.
რონ კორლის თქმით, ყველა თხევადი ნარჩენი, რომელიც ლაბორატორიაში წარმოიქმნება, ჯერ ლაბორატორიაშივე მუშავდება, შემდეგ კი ქალაქის საკანალიზაციო სისტემაში ჩაედინება.
მსგავსი ლაბორატორია თბილისში აეროპორტის ახლოსაც მდებარეობს. ბოსტონისგან განსხვავებით ე.წ. ლუგარის ლაბორატორია უფრო ნაკლებად საშიშ პათოგენებზე სამუშაოდაა გათვლილი და მესამე დონის ბიოუსაფრთხოებისაა. ზოგიერთ რუსულ მედიაში ხშირად ისმის პოლიტიკოსების ბრალდებები, რომ იქ შესაძლოა ამერიკელების მონაწილეობით ადამიანებზე ცდები ტარდებოდეს ან ამზადებდნენ ბიოლოგიურ იარაღს.
ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად ლუგარის ლაბორატორიაზე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე საუბრობს. მან დოკუმენტებიც გამოაქვეყნა, რომლების მიხედვითაც, ამერიკიდან საქართველოში ბიოლოგიური ტვირთი გამოიგზავნა. შენობის უსაფრთხოების პრინციპები ძირითადად იგივეა, რაც ამერიკულ ლაბორატორიაში, თუმცა ბოსტონის ცენტრისგან განსხვავებით, იქ ისეთივე მომაკვდინებელ ვირუსებს არ იკვლევენ, დანარჩენი პრინციპები კი იგივეა.
რუსულ მედიაში გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, ლუგარის ლაბორატორიას საერთაშორისო ექსპერტები ეწვივნენ. ლუგარის ლაბორატორია უცხოელმა ექსპერტებმა მაღალი დონის ევროპული სტანდარტების სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიად სცნეს.