ევროკავშირი მცირე ბიზნესებს სტიმულს აძლევს, რათა საქმიანობა გააგრძელონ. საბურავების გადამამუშავებელი მცირე საწარმო 70 ტონა ბორბალს 45 დღეში გადაამუშავებს და მისგან კაუჩუკის პროდუქციას დაამზადებს. კომპანია TRC ერთი წლის წინ დაარსდა.
ბუნებაში გადაყრილი ბორბალი გარემოს ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია. ბორბლების გადამუშავება და მისგან სხვა პროდუქტის დამზადება საუკეთესო და მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.
TRC საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს Meliora-ს ერთ-ერთი გამარჯვებულია, რომელმაც საუკეთესოს ტიტული ნარჩენების გადამუშავების ნომინაციაში მოიპოვა. კომპანია TRC-ის გენერალური დირექტორი, ზურაბ ბაზღაძე ამბობს, რომ ეს კომპანიისთვის დიდი სტიმულია.
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" დაჯილდოება Meliora წელს პირველად ჩაატარა და გამარჯვებულები 10 კატეგორიაში დაასახელა. კონკურსი პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა.
ავტორი: რუსკა გიორგაძე.