საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ცხოვრება საშიში ხდება - ამის შესახებ განცხადებებს, სოფელ ხურვალეთის მოსახლეობა აკეთებს. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ოკუპანტების მიერ გატაცებები გახშირდა, რუსი ჯარისკაცები კი ფაქტობრივად სოფლებში შედიან.
ბოლო ასეთი შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც ოკუპანტებმა ხურვალეთიდან 33 წლის შშმ პირი გაიტაცეს. ოთარ სამნიაშვილის ოჯახს, ამ დრომდე არავინ დაჰკავშირებია. ოჯახი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს. მამაკაცი რუსმა ოკუპანტური რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, 2008 წლის შემდეგ ოკუპანტები სოფლის ასეთ სიღრმეში არ შესულან.
ხურვალეთში ამბობენ, რომ სიღარიბის გამო ოჯახი ვერც ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაწესებულ ჯარიმას გადაიხდის.
„ ეს არის პირველი შემთხვევა ხურვალეთში 2008 წლიდან რაც ოკუპირებულია ეს ტერიტორიები, რომ ასე დაბლა ჩამოვიდნენ და აი ასე ჩვენს თვალწინ რომ აიყვანეს ეს ბიჭი,“- ამბობს ადგილობრივი მოსახლე.