H1N1 ტიპის ვირუსის შემთხვევები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზარდა. სპეციალისტების განცხადებით, მიზეზი, სეზონური გრიპია. გაზრდილია სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახებაც. კონკრეტულად გრიპის ვირუსთან დაკავშირებით დღე-ღამეში დაახლოებით, 400 ზარი ფიქსირდება, ხოლო გამოძახებების რაოდენობა 2 ათასამდე ადის.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის სოლომონ როსტომაშვილის თქმით, გამოძახებების რიცხვს უმკლავდებიან, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ხდება დაგვიანებით მისვლა.
როსტომაშვილი განმარტავს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა პირველ რიგში, კრიტიკული კატეგორიის პაციენტთან მიდის.
„ამ პერიოდში, დაახლოებით, ზაფხულის პერიოდთან შედარებით, მომატებულია გამოძახების საერთო რაოდენობა 1500-დან 2000 გამოძახებამდე დღე-ღამეში. აღნიშნული სტატისტიკა და პერიოდულობა ახასიათებს, ზოგადად, ვირუსულ ინფექციებს ამ პერიოდში ანუ იწყება დაახლოებით, ნოემბრის დასაწყისიდან, გრძელდება მარტის თვემდე, პიკს აღწევს დეკემბერ-იანვრის პერიოდში. სასწრაფო, პირველ რიგში, მიდის ისეთი კატეგორიების პაციენტებთან, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული მდგომარეობაა, სადაც წუთებია განმსაზღვრელი მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის. რაც შეეხება მაღალ ცხელებაზე მისვლას, ეს, რა თქმა უნდა, უფრო დაბალ პრიორიტეტული გამოძახებაა და შესაბამისად, შეიძლება მოხდეს დაგვიანება. თუმცა, რაც შეეხება, კრიტიკულ გამოძახებებს, ყველა მისამართზე სასწრაფო მიდის დროულად და მაქსიმალურად სწრაფად,“ - განაცხადა სოლომონ როსტომაშვილმა.
მიუხედავად დაავადების ზრდისა, მედიკოსები ეპიდემიის საფრთხეს ვერ ხედავენ. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ყოველ 100 ათას მოსახლეზე ვირუსის 221 შემთხვევა ფიქსირდება და ეპიდემიის საფრთხე მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიქმნება, როდესაც შემთხვევების რიცხვი 450-მდე ავა.
ჯანდაცვის უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი