17 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ბუნებრივ აირზე ფასის მატება, წყალმომარაგებასა და ელექტროენერგიის სექტორში არსებული პრობლემები - ენერგოომბუდსმენის ანგარიში 

ბუნებრივ აირზე ფასის მატება, წყალმომარაგებასა და ელექტროენერგიის სექტორში არსებული პრობლემები - ეს საკითხები, ენერგოომბუდსმენის ანგარიშში მოხვდა. 

ენერგო-ომბუდმსენმა დღეს გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და პრობლემებზე ისაუბრა. სალომე ვარდიაშვილმა მთავარ გამოწვევად წყალმომარაგების სექტორი დაასახელა, თუმცა ასევე თქვა, რომ პრობლემებია ელექტროენერგეტიკის სექტორში, რადგან რეგიონების უმეტესობას მოძველებული ინფრასტრუქტურა აქვს. მისივე განცხადებით, 2018 წელს ენერგოომბუდსმენს დახმარების მიზნით 5 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა.

რაც შეეხება გაზის ტარიფის ზრდას, ომბუდსმენი ამბობს, რომ აირის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით უწყება პრინციპულ პოზიციებს აფიქსირებს, თუმცა მისი გათვალისწინება მარეგულირებელი კომისიის საქმეა. 

“სატარიფო საქმის წარმოებაში ენერგო ომბუდსმენის აპარატი ყოველთვის ჩართული არის. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპული მიდგომები ამ მიმართულებით. გვაქვს ხოლმე წინადადებები, რომელსაც მარეგულირებელი კომისია ან ითვალისწინებს ან ვერ ითვალისწინებს. რაც შეეხება გაზის სექტორს, ამ მხრივ ყველაზე ხშირად საჩივრები ფიქსირდებოდა ახალი აბონენტების ბუნებრივი გაზის ქსელზე დაერთების კუთხით, რომლებიც ასევე ვადების გაჭიანურებაზე მიუთითებდნენ, ხოლო ელექტროენერგეტიკის სექტორში მთავარ გამოწვევად კვლავ რეგიონები გვაქვს იმიტომ, რომ იქ მოძველებული ინფრასტრუქტურის თემა ისევ და ისევ აქტუალური არის.“ - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გაზის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით მსჯელობას სემეკი ხვალ გეგმავს. ახალი ტარიფი ძალაში 1 იანვრიდან შევა. 

დღის ამბები