10 დღეა გაჩიანის მცხოვრებლები სოფლის სასაფლაოს იცავენ. მიზეზი ნარკოტიკის გაყიდვაა. ადგილობრივები ცდილობენ, ადგილზე ნარკოვაჭრობა შეზღუდონ.
სქემა კი რომლითაც ნარკორეალიზატორები მოქმედებენ მარტივია. ისინი კონკრეტული საფლავების კედლებთან თხრიან ორმოებს, შემდეგ შიგ დებენ ნარკოტიკს, უღებენ ფოტოს და უგზავნიან მყიდველს. მომხმარებელი სწორედ ფოტო სურათით პოულობს მონიშნულ ადგილს. ადგილობრივები ამბობენ, ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები ადგილზე იკეთებენ ნარკოტიკებს და ნემსებს იქვე ყრიან.
მათივე განცხადებით, ხშირად ადგილი აქვს ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. ასეთი ფაქტი გუშინაც მოხდა. დაჭრილია სამი ადამიანი. გაჩიანში ამბობენ, რომ დაკავებულები არიან მათი თანასოფლელები, რომლებიც არაფერ შუაში არ არიან და რეალურად ტერიტორიას იცავდნენ.
„სულ ამოთხარეს ყველგან. ჩვენს ბიჭებს უნდოდათ ეს ტერიტორია დაეცვათ მაგრამ სცემეს. ასე როგორ შეიძლება ჩვენ არ გვინდა, რომ აქ ნარკოტიკებს ყიდდნენ . ისინი ხომ იცავდნენ აქაურობას. ახლა უნდა გამოუშვან. როგორც ვიცი სამიდან ორი ისროდა,“-განაცხადა ილმან სულთანოვმა.
გაჩიანში მათი დაკავებული თანასოფლელების გათავისუფლებას მოითხოვენ.
„ჩვენი ბიჭები არაფრის გამო დააკავეს. სხვა სასაფლაოებიც არის ახლოს. მათ შორის ქართულიც. აქ რატომ ხდება. იარაღი ვის ჰქონდა არ ვიცით ჩვენებს ესროდა. გვინდოდა გაგვეყარა აქედან მათ კი სროლა დაიწყეს. არ გვინდა აქ ასეთი რაღაცეები ხდებოდეს,“-განაცხადა ულხან გუსეინოვმა.
შეგახსენებთ, რომ გაჩიანის ე.წ. ნარკობაზრობაზე ადგილობრივებმა მაღალჩინოსნებიც შენიშნეს. მათი თქმით, მათ შორის იყო ერთი პარლამენტარიც.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი