17 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
41წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან - საზეიმო წირვა-ლოცვას პრემიერი და პრეზიდენტი დაესწრნენ

სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის აღსაყდრებისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა-ლოცვა ილია მეორის ქადაგებით დასრულდა.

პატრიარქმა იმავე ამბიონიდან იქადაგა, საიდანაც ზუსტად 41 წლის წინ მრევლს პირველად ეკლესიის საჭეთმპყრობლის სტატუსით მიმართა.

„მე მუდამ ვგრძნობდი თქვენს დახმარებას და ღვთის ლოცვა კურთხევას. ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია. თქვენი სიყვარული, რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი ბოლომდე მომეტანა ეს ჯვარი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს. დიდება ყოვლად წმინდა სამებას, მამასა, ძესა და სულსა წმინდასა. ჩვენთან არს ღმერთი,“ - აღნიშნა ილია მეორემ.

დღეს ამბიონიდან ტაძარში შეკრებილ მოქალაქეებს ქვეყნის პრემიერმაც მიმართა.

„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი მოწიწებით მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე. უდიდესი მოწიწებით მსურს გადაგიხადოთ მადლობა იმ ფასდაუდებელი და მუხლჩაუხრელი მოღვაწეობისთვის, რაც თქვენ გაქვთ ჩვენი ერის წინაშე. თქვენ თქვენი პირადი მოღვაწეობით ააცილეთ ჩვენს სამშობლოს ბევრი ასეთი განსაცდელი. თქვენი ქადაგება შემწყნარებლობაზე, სამშობლოს სიყვარულზე, შრომის სიყვარულზე და განათლებაზე - არის სწორედ ის, რაც ასე ძალიან სჭირდება ქართველ ერს. ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს, ხოლო ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ქართულ ეკლესიას,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სვეტიცხოველში ასევე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ლაშა ჟვანიასთან ერთად.

დღის ამბები