ხმაური თბილისის საკრებულოს სხდომაზე - ოპოზიციამ დარბაზში ზეწოლის შედეგად გარდაცვლილი სკოლის დირექტორის და ონში სასიკვდილოდ დაჭრილი ოპოზიციონერის ფოტოები მიიტანა.
საკრებულოს ხმაურიან სხდომაზე მოსულ თბილისის მერს და ქართული ოცნების გენერალურ მდივანს ოპონენტებმა ჰკითხეს, იცნობდა თუ არა ის ია კერზაიას და ნოდარ ბურდილაძის ისტორიებს. ოპოზიციამ კახი კალაძეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ქართულმა ოცნებამ გააყალბა და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
„ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ვალებით იხდიან კომუნალურ გადასახადებსაც კი. რატომ გადაწყვიტეთ თქვენ, რომ მომავალ წელს გაზარდოთ ბიუროკრატია და მათ შორის, გაზარდოთ სახელფასო ფონდი თქვენი, თუნდაც, რიგითი თანამშრომლების ფულადი ჯილდოებისთვის. მე მაქვს ერთადერთი შეკითხვა, ბატონო კახი, რატომ გააყალბეთ არჩევნები?“ - განაცხადა ენმ-ის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა პარტიის კიდევ ერთი წევრი. ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის ამომრჩევლებმა სალომე ზურაბიშვილს ხმა არ მისცეს.
„იმაზე მეტმა მისცა თქვენს წინააღმდეგ ხმა, ვიდრე აგირჩიათ. შესაბამისად, თქვენ ხართ გამყალბებლები,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რის შემდეგაც მან სხდომათა დარბაზი დატოვა.