ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გრიპის დინამიკა რომ მზარდია, ამას ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც ადასტურებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ მაჩვენებელი ჯერ შორსაა ეპიდემიის დონისგან.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, მოსახლეობას მეტი ყურადღბისკენ მოუწოდებს.
“ბოლო სამი კვირის განმავლობაში გვაქვს გრიპის მზარდი დინამიკა ქვეყანაში, რომელიც, თუ მანამდე იყო ძირითადად გრიპის მსგავსი, მსგავსი ვირუსებით გამოწვეული, დღეს უკვე ფართოდ ცირკულირებს გრიპის ვირუსი H1N1 შტამი, რომელიც უფრო აგრესიულობით გამოირჩევა, ვიდრე შარშანდელი H3 შტამი. სამწუხაროდ, გვაქვს უკვე გარდაცვალების ორი შემთხვევა, ამიტომ მეტი ყურადღება და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, გრიპის სეზონის დროს ყველა მეტი ყურადღებით უნდა ვიყოთ ყოველგვარი გრიპის სიმპტომებისადმი,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სპეციალისტები მოსახლეობას ყურადღებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, გრიპის სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დახმარებას.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, აცხადებს, რომ მნიშველოვანია, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რა სინდრომებით გამოირჩევა H1N1 ვირუსი.
„დაავადების რაოდენობა მატულობს, მაგრამ, საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზე არის და ვიმედოვნებ, რომ არც მივაღწევთ ეპიდემიურ ზღვარს. მნიშვნელოვანი არის, რომ ყველამ იცოდეს გრიპის სინდრომების დაწყება და ყველამ მიმართოს ამ სიმპტომების შემთხვევაში ოჯახის ექიმს. ჯერჯერობით არის ორი ძალიან სამწუხარო შემთხვევა - ერთი აჭარაში და ერთი გუშინ მოხდა ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო და სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.