გრიპის ვირუსის შტამი, რომელიც წელს გავრცელდა, განსაკუთრებით აგრესიულია და მკურნალობას რთულად ექვემდებარება. ღორის გრიპს კიდევ ერთი მოქალაქე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ემსხვერპლა.
30 წლის გოგონა მკურნალობის კურსს 10 დღის განმავლობაში გადიოდა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 38 კვირის ორსული H1N1 ვირუსით ორსულობის დროს დაინფიცირდა, საკეისრო კვეთის დროს ექიმებმა ჩვილი გადაარჩინეს, თუმცა, დედას ფილტვების შეშუპება განუვითარდა და რეანიმაციაში გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში ღორის გრიპის 100-მდე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა, ექიმები ამბობენ, რომ H1N1 ვირუსით ბევრად მეტი ადამიანია ინფიცირებული.
ვირუსის შტამი, რომელიც საქართველოში გავრცელდა, აგრესიული ფორმისაა და მედიკამენტოზურ მკურნალობას რთულად ექვემდებარება. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ინფიცირებულმა რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება.
ღორის გრიპის გამო გამოძახებებს ვერ აუდის სასწრაფო დახმარების სამსახური, გადავსებულია კლინიკები, საწოლი ადგილები საავადმყოფოებში თითქმის შევსებულია.
მკვეთრად იზრდება მიმართვიანობა და H1N1-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიც იაშვილის კლინიკაში. სამედიცინო დაწესებულებაში დინამიკა ნოემბრის ბოლოდან გაიზარდა, მხოლოდ ბოლო თვეში იაშვილში H1N1-ის 35 შემთხვევა დაფიქსირდა.
ექიმები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ მაღალი სიცხის და ძლიერი სისუსტის შემთხვევაში, ჯერ ოჯახის ექიმს, შემდეგ კი სტაციონარს მიმართონ.
ჯანდაცვის სამინისტრო ამ დროისთვის ეპიდემიის თავიდან არიდებას ცდილობს. მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ახლა ყველაზე მთავარი ვირუსის საეჭვო სიმპტომებზე დროული რეაგირებაა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეპარატი ტამიფლუ, რომელიც ე.წ. ღორის გრიპის სამკურნალოდ ეფექტურ მედიკამენტად არის მიჩნეული, ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით არის და ვირუსის სწრაფი გავრცელების მიუხედავად, დეფიციტის შექმნა ამ დროისთვის მოსალოდნელი არ არის.
H1N1 ვირუსის შემთხვევაში, მაღალი რისკის ჯგუფში არიან ორსულები, ბავშვები და მოხუცები, რის გამოც გამოვლენილ სიმპტომებზე დროული რეაგირება მათ შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.