"ამ საქმეზე სრული ჩავარდნა აქვს ხელისუფლებას," - ეს განცხადება დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გააკეთა.
ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, არანაირი რეაგირება შს მინისტრს კომისიის რეკომენდაციებზე არ მოუხდენია, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ადამიანების მართლსაწინააღმდეგო ქმედებები იქნა გამოვლენილი.
„შს მინისტრი ცდილობს გამოძრომას ამ მდგომარეობიდან იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ესმის, რაზეა საუბარი. საუბარია იმაზე, რომ გამოვლენილია ყველაფერი. გამოვლენილია კონკრეტული ადამიანის მ.კ.-ს როლი ამ საქმეში და სრულიად გაუგებარია, რატომ არ არის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა. გამოვლენილია მირზა სუბელიანის კონკრეტული ქმედებები, რომელშიც უამრავი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები შეინიშნება და ამაზეც არანაირი რეაგირება არ არის,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ ახალი წლების შემდეგ ეს საკითხი დავიწყებული იქნება, თუმცა, ეს ასე არ მოხდება. სერგი კაპანაძის განცხადებით, ყველა ჯერზე მოუწევს შს მინისტრს ამ საქმეზე პარლამენტში ოპოზიციის კითხვებზე პასუხის გაცემა.
რაც შეეხება მმართველი გუნდის შეფასებას, რომ ზაზა სარალიძე ენმ-ს უნახავს ადგილს, თინა ბოკუჩავას თქმით, "უტიფრობაა ისეთი ტრაგედიის ადამიანისთვის, როგორიც ზაზა სარალიძეა, მსგავსი ბრალდება".
„ადამიანი, რომელსაც შვილი სადისტურად მოუკლეს, გავიდა ერთი წელი და დღეს ხელისუფლება ეუბნება, რომ მისი შვილის მკვლელი არ არსებობს,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ყველა კრიტიკული შეკითხვა, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა და ასევე თავად ზაზა სარალიძეს, მათ შს მინისტრის პარლამენტში დაუსვეს. ანრი ოხანაშვილის თქმით, გამოძიების შედეგებით არც ქართული ოცნებაა კმაყოფილი.
„ჩვენ არ ვართ კმაყოფილი დღეს არსებული გამოძიების შედეგებით, რა შედეგებიც დღეს გვაქვს,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა და აღნიშნა, რომ ევროპულმა საქართველომ შექმნა გადაჭარბებული მოლოდინი, რომ მკვლელებს იპოვიდნენ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყველა ვარიანტში ზაზა სარალიძეს უნდა ჰქონდეს პასუხი, ვინ მოკლა მისი შვილი.