საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა ანაზღაურება კიდევ ერთხელ გაიზარდეს. საუბარია ყოველთვიურ ჰონორარზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ეს თანხა საბჭოს თავმჯდომარისთვის მომავალი წლიდან დღემდე არსებულ ჰონორართან შედარებით 700 ლარით მეტი იქნება და ყოველთვიურად 6 500 ლარს შეადგენს, რიგითი საბჭოს წევრი კი 400 ლარით მეტს ანუ – 4 200 ლარს მიიღებს.
ჰონორარის გაზრდას უარყოფს საბჭოს ფინანსური მრჩეველი. გიორგი ნატროშვილი ამტკიცებს, რომ მოხდა ჰონორარის დანაწილება, რაც კანონით არის განსაზღვრული.
„მაუწყებლის შესახებ კანონში წერია, რომ ჰონორარი უნდა იყოს მთელი ბიუჯეტის არაუმეტეს ერთი პროცენტი. როდესაც ხდება წლიური ბიუჯეტის დამტკიცება ეს ერთი პროცენტი გათვალისწინებულია. სამეურვეო საბჭომ ძალიანაც რომ მოინდომოს ვერ ინიშნავს თვითონა ანაზღაურებას. ამ შემთხვევაში სრულად ჰონორარის განაწილება მოხდა,“-ამბობს ნატროშვილი.