ლუგარის ლაბორატორია კიდევ ერთხელ მოექცა რუსი მაღალჩინოსნების ყურადღების ცენტრში. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური სამსახურის უფროსმა ბრიფინგი სწორედ თბილისის მახლობლად მდებარე კვლევით ცენტრზე საუბრით დაიწყო.
რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, ანა პოპოვამაც განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორია რუსეთისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
მან წინა წლის ზაფხულის ინციდენტი გაიხსენა, როდესაც საქართველოში ჩამოსულ რუს ტურისტებს, მათ შორის ბავშვებს მწვავე ნაწლავური ინფექცია აღმოაჩნდათ.
პოპოვას მტკიცებით, რუსი ექიმები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ხელოვნურად შეცვლილი ბაქტერიის გავრცელებასთან. თბილისში კი განმარტავენ, რომ სწორედ ლუგარის ცენტრში მოხდა დაავდების დროული იდენტიფიცირება და სასწრაფო და ეფექტური მკურნალობის დანიშვნა.