ბუნებრივ აირის ტარიფთან დაკავშირებით, სემეკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ცინიზმში ადანაშაულებს. „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ბუნებრივ აირზე ტარიფი იმდენად მინიმალურად შემცირდა, რომ ამისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობა არ ეკუთვნის.
„სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება გაზის ტარიფთან დაკავშირებით, ავლენს ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ცინიზმს, თითქოს მადლობლები უნდა ვიყოთ ივანიშვილის, რომ გაზის ტარიფი არ გაიზარდა და შემცირება, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს აბსოლუტურად, შემცირება არ არის,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა კი აცხადებს, რომ კომუნალურ გადასახადებზე მოსახლეობა შეღავათს იგრძნობს. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ის ფასის ნებისმიერ შემცირებას მიესალმება.
„მივესალმები ყველა შემცირებას, რაც შეუმცირებს ჩვენს მოქალაქეებს ხარჯების ოდენობას. მოგეხსენებათ, საკვები პროდუქტების შემდეგ, ყველაზე სერიოზული ხარჯების ჯგუფს წარმოადგენს ერთგული კომუნალური გადასახადების ჯგუფი. ამიტომაც, ყოველგვარი შემცირება, რაც კი იქნება ამ მიმართულებით, წაადგება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების შემსუბუქებას,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ლარის გაუფასურების გამო "ყაზტრანსგაზი" ფასის გაზრდას ითხოვდა, თუმცა მომწოდებელმა კომპანიამ, „სოკარმა“ შეამცირა ღირებულება, რის გამოც ბუნებრივ აირზე მოსახლეობისთვის ფასი აღარ გაიზრდება. გადაწყვეტილება სემეკმა დღეს მიიღო.