ერთი წელი პანკისის სისხლიანი სპეც ოპერაციიდან - მოკლული თემირნალ მაჩალიკაშვილის მშობლებმა ისევ არ იციან რატომ მოკლეს მათი მძინარე შვილი საკუთარ საძინებელში და რატომ არავინ დაისაჯა. კითხვაზე პასუხის გაცემას შვილმოკლული მშობლები ჯერ პანკისის ხეობიდან ითხოვდნენ, უკვე 110 დღეა კი პარლამენტის შენობასთან პროტესტს კარვებში განაგრძობენ.
თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ერთი წლის წინ დაიწყო. პროკურატურას უნდა დაედგინა. გადაამეტა თუ არა სპეცრაზმმა უფლებამოსილებას, როდესაც მაჩალიკაშვილს დამიზნებით ესროლა. ერთი წელია გამოძიება დუმს. პროკურატურის ვერსიით, თემირლან მაჩალიკაშვილმა სპეცრაზმს წინააღმდეგობა გაუწია და ის ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა, საპასუხოდ კი სპეცრაზმელმა ისროლა. ეს ვერსია ოჯახისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
მაჩალიკაშვილი მკვლელობიდან ერთ წლის თავზე, სამხარაულის სახელობის ბიურომ დაასრულა დასკვნაზე მუშაობა. დოკუმენტი დღეს დამოუკიდებელ ექსპერტს გააცნეს. რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის ღამეს და შეძლებდა თუ არა ის სპეცრაზმისთვის წინააღმდეგობის გაწევას - ამ კითხვებზე მაია ნიკოლეიშვილმა პასუხი სამხარაულის დასკვნაში ვერ ამოიკითხა.
თემირლან მაჩალიკაშვილს რომ სპეცრაზმისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და ის გასროლის მომენტში იწვა, ეს ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების საგამოძიებო ექსპერიმენტმაც დაადასტურა.
სპეცოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ, მაჩალიკაშვილების ადვოკატები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ. ახალგაზრდების ჯგუფმა დღეს ამ მოთხოვნით, პეტიციაც შექმნა.
„ერთი წლის თავზე, ჩვენ რეალურად, არანაირი პასუხი სახელმწიფოს მხრიდან, რატომ გახდა თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის აუცილებლობა, არ გვაქვს. ამიტომ დღეს, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა გავაკეთეთ პეტიცია, რის საფუძველზეც ვითხოვთ, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. ის იგნორი, რომელსაც პოლიტიკური მთავრობა უკეთებს ამ საკითხს, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მან მიიტანოს ეს საკითხი, ყურად იღოს, დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა,“- განაცხადა ლუიზა მუთოშვილმა.
1 წლიანი უშედეგო გამოძიების მიუხედავად, პროკურატურას სრულად ენდობა საპარალამენტო უმრავლესობა. „ქართული ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, რომ გამოძიების შედეგებს ელოდებიან და საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ. მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოზიცია აქვს და საგამოძიებო კომისიის შექმნას ემხრობა ოპოზიცია.
სპეცოპერაციიდან 1 წლის შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები პროტესტს ისევ ქუჩაში პარლამენტის შენობის წინ აგრძელებენ.